გრამსაც არ მოიმატებთ: დაბალკალორიული საახალწლო რეცეპტი

ახლოვდება ახალი წელი და დიასახლისები გამალებული ცდილობენ საახალწლო სუფრისთვის როგორც ტრადიციული საცივ-გოზინაყის, ისე უცხო კერძების რეცეპტების მოძიებას.
Sputnik
ამასთან, ყველას სურს ისეთ სადღესასწაულო კერძს მიაგნოს, რომელიც მის წონაზე არ აისახება — რამდენიც არ უნდა მიირთვას.
ქვემოთ გთავაზობთ ინდაურის ფილესგან მომზადებული უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც თავისი არომატითა და სინაზით მართლაც დაგატყვევებთ.
რაც მთავარია, ისე მარტივად მზადდება, რომ დაღლასაც ვერ იგრძნობთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

ინდაურის ფილე — 600 გ;
ლიმონი — 1 ცალი;
მწვანე ხახვი — 4 ძირი;
ზეითუნის ზეთი — 2 სუფრის კოვზი;
ბოსტნეულის ბულიონი — 100 მლ;
თაფლი — 1 სუფრის კოვზი;
მარილი და წიწაკა — გემოვნებით.

მომზადების წესი

გახეხეთ ლიმონის კანი და გამოწურეთ მისგან წვენი;
წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი;
მოასხით ტაფას ზეითუნის ზეთი, დააყარეთ ლიმონის გახეხილი კანი და მწვანე ხახვი;
ოდნავ რომ მოიშუშება, მოალაგეთ ინდაურის ფილე და მსუბუქად დაბრაწეთ;
ამის შემდეგ დაასხით ბოსტნეულის ბულიონი, დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი;
კარგად მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე;
როგორც კი წამოდუღდება, დაახურეთ ტაფას ხუფი, დაუწიეთ ცეცხლს და თუშეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
შეგიძლიათ სუფრაზე მიიტანოთ გარნირთან ერთად, ჩაალაგოთ ბაჟეში ან ლამაზად გააფორმოთ სალათის ფურცლებითა და სხვა ბოსტნეულით.
გემრიელად მიირთვით!