თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ძიუდოს აკადემიაში 28-30 დეკემბერს მამაკაც ძიუდოისტთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეს-სამსახური.
მათი ინფორმაციით, ნაკრების ლიდერთა აბსოლუტური უმრავლესობა ტურნირს გამოტოვებს იერუსალიმის World Masters-ის გამო, რომელშიც მათ რამდენიმე დღის წინ მიიღეს მონაწილეობა.
ჩემპიონატში არ მიიღებენ მონაწილეობას ასევე ის ლიდერები, რომლებმაც World Masters-ი ტრავმების გამო გამოტოვეს და მკურნალობას ახლაც განაგრძობენ. მათ შორისაა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.
როგორც ფედერაციაში აცხადებენ, ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს ვალერი ლიპარტელიანი, მაგრამ ის ამჯერად მძიმე წონაში იასპარეზებს.
შეჯიბრების პირველ დღეს გამარჯვებულები 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.