მსოფლიო დღეს

მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმსახურებს კიევო-პეჩორის ლავრაში შესვლა ეკრძალებათ

Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. მომავალი წლის 1 იანვრიდან მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურები სატრაპეზო ეკლესიასა და კიევო-პეჩორის ლავრის მიძინების ტაძარში ვეღარ შევლენ, აცხადებს მიტროპოლიტი პაველი.
მისი ვიდეომიმართვა ლავრის საიტზეა გამოქვეყნებული.

„სამწუხაროდ, დღეს [კიევო-პეჩორის ლავრის] მუზეუმის დირექტორმა გვითხრა, რომ 31 დეკემბერს, ახალი წლის წინ ბოლო ღვთისმსახურებას ჩავატარებთ. 1 იანვრიდან კი უკვე აღარ გვექნება უფლება, გადავაბიჯოთ სატრაპეზო ეკლესიისა და მიძინების ტაძრის ზღურბლს“, — განმარტა მიტროპოლიტმა.

მანამდე მან გაავრცელა ინფორაცია, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას სატრაპეზო და მიძინების ტაძრების იჯარის ვადა ეწურებოდა, რის თაობაზეც მოლაპარაკებები 26 დეკემბერს უნდა გამართულიყო მუზეუმის დირექტორთან.
1 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში იმ რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვა იგეგმება, რომლებიც რუსეთთან არიან კავშირში.