სიღარიბე და უმუშევრობა საქართველოს მთავარი გამოწვევაა - პრემიერ-მინისტრი

მთავრობის პოლიტიკა არის სიღარიბის დაძლევა და უმუშევრობის რაც შეიძლება სწრაფად შემცირება, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს – 15,6%-ს მიაღწია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.
საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წლის მესამე კვარტალში 3,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ის 19,5% იყო.

„ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება. მესამე კვარტალი ამ კუთხითაც გამოირჩეოდა – უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, 15,6% შეადგინა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდში 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„229 ათასი ადამიანი დასაქმდა ამ ბოლო თითქმის ორ წელიწადში. აქედან არასახელმწიფო სექტორში 209 ათასი ადამიანია დასაქმებული“, – აღნიშნა მან.
მესამე კვარტალში უმუშევართა რაოდენობა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60,1 ათასი ადამიანით, 19,3%-ით შემცირდა და 250,7 ათასი ადამიანი შეადგინა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის შეფარდებით.