მსოფლიო დღეს

ყველაზე აბსურდული და უვიცობის დამადასტურებელი: ილონ მასკმა მედვედევის პროგნოზები შეაფასა

Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ეს ყველაზე აბსურდული პროგნოზებია, რაც კი ოდესმე მსმენია, განაცხადა ილონ მასკმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დმიტრი მედვედევის სამომავლო პროგნოზებთან დაკავშირებით, რომლებიც მან მანამდე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

„ეს მართლაც ყველაზე აბსურდული წინასწარმეტყველებებია მათ შორის, რომლებიც ოდესმე მსმენია, და ასევე წარმოაჩენს ხელოვნური ინტელექტისა და მდგრადი ენერგიის პროგრესის შესახებ ინფორმირებულობის გამაოგნებელ ნაკლებობას“, — ასეთი კომენტარი დატოვა მასკმა მედვედევის ტვიტზე.

ამასთან, ამერიკელმა ბიზნესმენმა „შეხსენება“ დააყენა რუსი პოლიტიკოსის პოსტზე, რომელიც ერთი წლის შემდეგ უნდა გააქტიურდეს და მასკს მედვედევის პროგნოზები შეახსენოს — როგორც ჩანს, პასუხისთვის.
მანამდე დმიტრი მედვედევმა „ტვიტერზე“ 2023 წლის მოვლენების პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად:
1.
ერთი ბარელი ნავთობის ფასი 150 დოლარს, ხოლო გაზისა 5000 დოლარს მიაღწევს ათას კუბომეტრზე;
2.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დაუბრუნდება;
3.
ბრიტანეთის დაბრუნების შემდეგ ევროკავშირი დაიშლება და ევრო აღარ იქნება ევროკავშირის ვალუტა;
4.
პოლონეთი და უნგრეთი ყოფილი უკრაინის დასავლეთ ოლქებს მიიტაცებენ;
5.
გერმანიისა და მისი სატელიტების (პოლონეთის, ბალტიისპირეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის, კიევის რესპუბლიკისა და სხვა მარგინალების) ბაზაზე მეოთხე რაიხი შეიქმნება;
6.
საფრანგეთსა და მეოთხე რაიხს შორის ომი დაიწყება, ევროპა გაიხლიჩება — პოლონეთის ახალი დაყოფის ჩათვლით;
7.
ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის სამეფოს გამოეყოფა და ირლანდიის რესპუბლიკას შეუერთდება;
8.
აშშ-ში სამოქალაქო ომი დაიწყება, კალიფორნია და ტეხასი შეერთებულ შტატებს გამოეყოფიან და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდებიან. ამის შემდეგ შეიქმნება ტეხასისა და მექსიკის სამოკავშირეო სახელმწიფო. ილონ მასკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს იმ შტატებში, რომლებშიც სამოქალაქო ომის შემდეგ რესპუბლიკელების ხელში გადავა;
9.
აშშ-დან ყველა უმსხვილესი ფონდი და ფინანსური აქტიურობა ევროპასა და აზიაში გადაინაცვლებს;
10.
ჩამოიშლება ბრეტონ-ვუდის ფინანსური სისტემა — მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კრახის ჩათვლით. ევრო და დოლარი აღარ იქნება მსოფლიო სარეზერვო ვალუტები. დაბრუნდება ოქროს სტანდარტი. დაიწყება ციფრულ სიმბოლურ ფულზე აქტიური გადასვლა.
ამ ჩამონათვალის ბოლოს დმიტრი მედვედევი ახალ წელს ულოცავს „ანგლოსაქს მეგობრებსა და სიხარულით მოღრუტუნე მათ გოჭებს“.