მსოფლიო დღეს

უჩინებულესი და უძლიერესი მსოფლიოში - ჩრდილოეთ კორეაში ქვეყნის კონსტიტუცია შეაფასეს

ჩრდილოეთ კორეის პირველი კონსტიტუცია 1948 წელს მიიღეს, რომლის პროექტიც მანამდე მოსკოვში განიხილეს — სტალინის, მოლოტოვისა და შტიკოვის მონაწილეობით.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუცია მსოფლიოს „უჩინებულეს და უძლიერეს“ კონსტიტუციად შეფასდა საზეიმო სხდომაზე, რომელიც ქვეყნის უმაღლესი კანონის მიღებიდან 50 წლისთავს მიეძღვნა, იუწყება ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო.
ყრილობათა დარბაზ „მანსუდეში“ ორშაბათს გამართულ სხდომას ესწრებოდა ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინიც.
სხდომაზე სიტყით გამოვიდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი ჩო იონ ჰე, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუცია „ყველაზე ბრძნულ“ კანონთა კრებულად, „განუმეორებელ და ორიგინალურ“ პოლიტიკურ ქარტიად შეაფასა.

„ჩო იონ ჰემ აღნიშნა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია კვლავაც აღმატებულად შეასრულებს ისტორიულ მისიას, როგორც იარაღი, რომელიც ძლიერ ასტიმულირებს ძლევამოსილი სახელმწიფოს მშენებლობას. მან მთელი ჩრდილოეთ კორეელი ხალხის სახელით გამოხატა ჩვენი უჩინებულესი და უძლიერესი სოციალისტური კონსტიტუციისადმი მხურვალე მხარდაჭერა“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, იგივე ჩრდილოეთ კორეის პირველი კონსტიტუცია 1948 წელს მიიღეს. მანამდე კონსტიტუციის პროექტი განიხილეს მოსკოვში — სტალინის, მოლოტოვისა და ჩრდილოეთ კორეაში სსრკ-ის მომავალი პირველი ელჩის შტიკოვის მონაწილეობით.
ამჟამად მოქმედი სოციალისტური კონსტიტუცია 1972 წლის 27 დეკემბერს მიიღეს. მას შემდეგ კონსტიტუციაში სულ ცხრა შესწორება შევიდა.