თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ირანს, უპირობოდ გაათავისუფლოს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტების ყველა მონაწილე, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა.
„მამაცი ირანელი ქალების მხარდაჭერის ნიშნად საერთაშორისო საზოგადოებამ ირანი გაეროს ქალთა მდგომარეობის კომისიიდან გარიცხა. ბრძოლა მათი უფლებებისთვის გრძელდება. მოვითხოვთ ყველა იმ ადამიანის უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც ირანის ციხეებში იმყოფებიან საკუთარი თავისუფლებების მშვიდობიანად მოპოვებისთვის“, — წერს ნედ პრაისი საკუთარ Twitter-აკაუნტზე.
მანამდე გაეროს ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ (ECOSOC) ხმა მისცა ირანის 2026 წლამდე გარიცხვას გაეროს ქალთა მდგომარეობის კომისიიდან. ინიციატორი იყო აშშ. რეზოლუციას მხარი 29 ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო რვა, თავი შეიკავა 16-მა ქვეყანამ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნასერ ქანანი ჩაფიმ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებას ეწინააღმდეგება.
ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები სექტემბრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, რომელიც ზნეობისა და მორალის პოლიციამ დააკავა. ქვეყნის მოსახლეობა მაჰსას გარდაცვალებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს.