ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით 2 ათასზე მეტი ადამიანი გადამზადდა

გადამზადების კურსები ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა და დასაქმების მსურველებმა სრულიად უსასყიდლოდ გაიარეს.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროში დასაქმებული და დასაქმების მსურველი 2 ათასზე მეტი ადამიანი გადაამზადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით წელს საქართველოს მასშტაბით 9 თემატიკის 30 ტრენინგ-სემინარი გაიმართა. უწყების ორგანიზებით საერთაშორისო ტრენერებმა ჯონ შოულმა, მონიკა კეროლინმა და მაიკლ ბენგმა სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, კვების ობიექტების წარმომადგენლებისა და გიდებისთვის მასტერ-კლასები ჩაატარეს.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ტრენინგებზე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები: „ოქროს სამეული სტუმარმასპინძლობისათვის“ - გუნდი, გაყიდვები, მომსახურება; პირველადი სამედიცინო დახმარება; ტურისტული სერვისები შშმ პირთათვის; მომსახურება და უსაფრთხოება; ემოციური ინტელექტი; ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა; ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მომსახურების სფეროში.
გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტრენინგები ჩაატარა კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის რეგიონებშიც – გურიაში, ქვემო ქართლსა და რაჭაში.
ტრენინგების მიზანია ხარისხის გაუმჯობესება მომსახურების სფეროში.