შეუძლია თუ არა პრეზიდენტს ელჩების დანიშვნა - საკითხი ისევ ღიაა

სარჩელის შეტანიდან ექვსი თვის თავზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერაც არ ფლობს ინფორმაციას პროცესზე, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ბუნდოვანება სწრაფად აღმოფხვრას საჭიროებს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ივნისში საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი ელჩების დანიშვნა/გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სარჩელის შეტანიდან 6 თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით.
„ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას“, - აღნიშნულია პრეზიდეტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ჯერ კიდევ მარტში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. „ოცნება“ დარწმუნებულია – საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტს არა აქვს უფლება დაბლოკოს მინისტრთა კაბინეტის წარდგენა ელჩების დანიშვნის ან გათავისუფლების შესახებ.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში აგრეთვე ევროპის ქვეყნებში არაოფიციალური ვიზიტებისა და პირველ პირებთან შეხვედრების გამო დასდო, რადგან მას საქართველოს მთავრობისგან სამუშაო ვიზიტებზე უარი ეთქვა.
მსგავს საკონსტიტუციო სარჩელებს ზურაბიშვილმა უსაფუძვლო უწოდა.
თავად ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ კონსტიტუცია არ დაურღვევია და უარი თქვა მხოლოდ ერთი კანდიდატის, დავით ბაქრაძის დამტკიცებაზე გაეროში ელჩის თანამდებობაზე, რომლის საქმიანობაც აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტზე, მისი თქმით, არაპროდუქტიული იყო.