თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ელჩების კონფერენცია 2022“-ის გახსნას პროტოკოლის დარღვევის გამო არ დაესწრო, იუწყება „პირველი არხი" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2022“ თბილისში დღეს, დილით გაიხსნა.
კონფერენცია გახსნეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც იყო დაგეგმილი.
„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა“, – განუმარტეს ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
„ელჩების კონფერენცია 2022“ 26–28 დეკემბერს იმართება. კონფერენციის მონაწილეები 2022 წლის საგარეო პოლიტიკის სფეროში საქმიანობას შეაჯამებენ და 2023 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ.
ელჩების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და საგარეო უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.