პროკურატურა: არასრულწლოვანს ქუჩაში მოწყალების თხოვნას და ქურდობას აიძულებდნენ

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სარგებლის მიღების მიზნით 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და მას შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

„ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას. აღნიშნულის შედეგად შეგროვებულ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - გენერალური პროკურატურა