პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა

ღონისძიების ორგანიზატორებმა პრეზიდენტს კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილი არ განუსაზღვრეს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის დადგენილი წესების უხეში დარღვევა დაუშვებელია, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტისთვის ამბასადორიალი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორუმს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობებში. აღნიშნულის მიუხედავად, „2022 წლის ელჩების კონფერენციის“ გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა მონაწილეობა არ მიიღო.

„დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადმინისტრაციის განცხადებით, ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა „ელჩების კონფერენციის“ გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა იმაში, რომ ღონისძიების მასპინძელმა საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილი არ განსაზღვრა.
„საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით“, – ხაზგასმულია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ამბასადორიალის მონაწილეებს, მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ურთულესი გამოწვევებით სავსე პერიოდში გაწეული საქმიანობისათვის და ყველა ქართველ დიპლომატს წარმატებულ ახალ 2023 წელს უსურვებს.
თბილისში დაიწყო „ელჩების კონფერენცია 2022“ >>
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2022“ თბილისში დღეს, დილით გაიხსნა.
კონფერენცია გახსნეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც იყო დაგეგმილი.
„ელჩების კონფერენცია 2022“ 26–28 დეკემბერს იმართება. კონფერენციის მონაწილეები 2022 წლის საგარეო პოლიტიკის სფეროში საქმიანობას შეაჯამებენ და 2023 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ.
ელჩების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და საგარეო უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს