ორბელიანების სასახლეში ახალ წლამდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება „ლოგისტიკურ სირთულეებში“.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას აუქმებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიებების გაუქმების მიზეზი ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეები გახდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაუქმებულია საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიაც.

ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა >>
ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, რა იგულისხმება „ლოგისტიკურ სირთულეებში“. ბოლო რამდენიმე დღეა ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქციები იმართება, ამავე ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია საახალწლო სოფელი.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია