თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. პიროტექნიკასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მომავალ წელს იქნება მიღებული. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, რადგან პიროტექნიკით ბევრი ადამიანი ზიანდება, განსაკუთრებით კი ბავშვები.
„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი დაიწერა ამაზე და მეც ვეთანხმები, რომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა აიკრძალოს პიროტექნიკა. განსაკუთრებით ზიანდებიან ბავშვები და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული. მომავალი წლიდან აუცილებლად მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საახალწლოდ ე.წ. ასაფეთქებლების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება.
პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.