„ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს“ - პრემიერი უკრაინის მოწოდებებს ეხმაურება

საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად საუბრობს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დიდ მნიშვნელობაზე და მეორე ფრონტის გახსნის დაუშვებლობაზე.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ჩვენი მთავარი ამოცანა ეროვნული ინტერესების დაცვაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების „ელჩების კონფერენცია 2022“-ის გახსნის ცერემონიაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს „მიუღებელი“ უწოდა, თუმცა დასძინა, რომ ამ თემაზე ზედმეტი განცხადებებისა და კომენტარების გაკეთება არ სურს. უკრაინის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაა. არაერთხელ მითქვამს და ეს ჩვენი პოლიტიკით და ქმედებებითაც დავადასტურეთ, რომ ჩვენ, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ვალდებულება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაცვაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა დიპლომატიური მისიების როლი ამ საკითხში. ღარიბაშვილის თქმით, ამ კუთხით ელჩების როლი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია: მათ სწორად უნდა მიაწოდონ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დედაქალაქებს და სწორად წარმოაჩინონ ქვეყნის ინტერესები.
„ეს მნიშვნელოვანია, რათა ეფექტიანად გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც მოედინება. კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. ამიტომ ამ შეტევას, ამ დეზინფორმაციას ეფექტიანი საპასუხო მოქმედებები სჭირდება“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.
საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად საუბრობს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დიდ მნიშვნელობაზე და მეორე ფრონტის გახსნის დაუშვებლობაზე.