თბილისში დაიწყო „ელჩების კონფერენცია 2022“

ფორუმის მონაწილეები 2022 წლის საგარეო პოლიტიკის სფეროში საქმიანობას შეაჯამებენ და 2023 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა და, მიუხედავად რთული საგარეოპოლიტიკური კონტექსტისა, საგრძნობ შედეგებს მიაღწია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილმა გახსნა საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოების ხელმძღვანელთა შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2022“. მინისტრის თქმით, ელჩების შეხვედრა წელს განსაკუთრებული დატვირთვით ჩაივლის იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად მასშტაბური მოვლენები ვითარდება გლობალურ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო.

„ქართულმა დიპლომატიამ გამოიჩინა წარმოუდგენლად მაღალი პროფესიონალიზმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ წარმატებაში დიდი როლი შეასრულა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებულმა ქმედებებმა, ასევე მმართველი გუნდის საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანმიმდევრულმა საგარეო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მან განსაკუთრებით გამოყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის როლი, რომლის ლიდერობით ამ რთულ პირობებში სამთავრობო გუნდმა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გარე საფრთხეებთან წარმატებულად ბრძოლა შეძლო.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2022 წელს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მის სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევთ უნარი, ეფექტურად გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც მდგრადი და წარმატებული სახელმწიფოს ნიშანია“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, პრემიერისა და მისი გუნდის როლი აღსანიშნავია კიდევ ერთი მიმართულებით – ესაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.
„ფაქტია, რომ დღეს, როდესაც უაღრესად ნეგატიურმა განვითარებებმა ჩვენ გარშემო ბევრი ქვეყანა, მათ შორის ძლიერი, წარმატებული და განვითარებული ქვეყნები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა და ზოგიერთ მათგანს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისთან ბრძოლა უწევს, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა მდგრადობა, არამედ სწრაფი ტემპებით განაგრძობს განვითარებას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
„ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს“- პრემიერი უკრაინის მოწოდებებს ეხმაურება>>
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენ წინაშე გამოსვლა. მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის. ვიცი, რომ თქვენ ძალიან მძიმე შრომა გიწევთ, მით უმეტეს, ამდენი გამოწვევებით აღსავსე რეალობაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს საელჩოების თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა. პრემიერის თქმით, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამ საკითხების გადაწყვეტაში აქტიურად არის ჩართული.

„ყველა თქვენს თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო. ვიცი, რაოდენ რთულია თქვენი ოჯახებიდან შორს, საზღვარგარეთ ყოფნა, ცხოვრება და მოღვაწეობა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თქვენ კიდევ უფრო კომფორტულად, კიდევ უფრო კარგი პირობებით შეძლოთ თქვენი მთავარი მოვალეობების შესრულება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ელჩების კონფერენცია 2022“ 26–28 დეკემბერს იმართება. კონფერენციის მონაწილეები 2022 წლის საგარეო პოლიტიკის სფეროში საქმიანობას შეაჯამებენ და 2023 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ. ელჩების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და საგარეო უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს