თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე მიულოცა და დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მილოცვის წერილში აღნიშნა, საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიაში ამ წლებს შეიძლება, საზოგადოების ხელახალი მოქცევის ეპოქა ეწოდოს.
„მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, თქვენი სამწყსო ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე ატარეთ, ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება“, - დაწერა ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტი მიიჩნევს, პატრიარქმა საკუთარი მოღვაწეობით დაიმსახურა გულწრფელი სიყვარული, როგორც საქართველოში, ისე ქართულ ემიგრაციაში.
„ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანის სიმრთელეს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში.
პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ლიტურგია წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. მანამდე საპატრიარქომ განაცხადა, რომ უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდებოდა.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.
დღეისთვის სულ 42 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.