თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ქვეყნის 63 ქალაქში დღეს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ყველა მუნიციპალიტეტში ეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები.
ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტი.
უკვე აინთო ნაძვის ხე თელავში, ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი მუსიკალური სტუდიების შემსრულებლების მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ქუჩის თეატრის მრავალფეროვანი საცირკო სანახაობით და ფოიერვერკით დასრულდა.
საახალწლო ღონისძიებები დღეს ბოლნისში, ნინოწმინდაში, ოზურგეთში, მესტიასა და ქუთაისში გაიმართება.
საახალწლო პროგრამები 14:00 საათიდან დაიწყო, ხოლო დღის ბოლოს ყველა საღამო კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
ქუთაისში საშობაო ბაზრობა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო. აქ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციაა წარმოდგენილი, გამოფენილია ასევე ხელნაკეთი ნივთები და საჩუქრები.
ხალხმრავლობაა უკვე ოზურგეთის თეატრალურ მოედანზეც, აქ მთავარი ნაძვის ხის ასანთებად ემზადებიან, რომელიც 19:00 საათზე არის დაგეგმილი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილზე მისულ სტუმრებს საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდებათ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ბავშვებისთვის მოწყობილია სპეციალური სივრცეები. ღონისძიებაზე მისული სტუმრების განწყობაზე კი ანიმატორები ზრუნავენ.
წელს პირველად ღონისძიებები დაბა ბაკურიანშიც გაიმართება.