თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სეკიურიტიზაციის შესახებ“, რომელიც კომერციული ბანკების მიერ იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოშვებას არეგულირებს.
კანონის მიღების ინიციატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
იპოთეკით დაცული ობლიგაცია - ბანკის მიერ გამოშვებული და მისი კლიენტების იპოთეკური სესხების გადახდებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდია. ბანკი გასცემს იპოთეკურ სესხებს, რომლებიც საერთო „პულში“ ერთიანდება (იპოთეკური დაფარვა), რის შემდეგაც ამ „პულიდან“ გადახდების მიღების უფლებების სტრუქტურირება და ფასიანი ქაღალდის გამოშვება ხდება. ამგვარად, აღნიშნული ფასიანი ქაღალდის მფლობელი იპოთეკური გადახდებით უზრუნველყოფილ შემოსავალს იღებს. ამ ფასიან ქაღალდს ეწოდება იპოთეკით დაცული ობლიგაცია, ხოლო ვალის გადაყიდვას ფასიანი ქაღალდების სახით სეკიურიტიზაცია ეწოდა.
ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური ობლიგაციების ჩარჩოზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტები, აგრეთვე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა კომერციულ ბანკებთან, როგორც პოტენციურ ემიტენტებთან.
„იპოთეკური ობლიგაციის მფლობელთა დაცვის გარანტიების შემუშავება და პროდუქტის სტრუქტურული მახასიათებლების კანონით განსაზღვრა მნიშვნელოვნად გაამყარებს ამ ფინანსური ინსტრუმენტის მიმართ პოტენციურ ინვესტორთა ნდობას“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
იპოთეკური ობლიგაციებით დაინტერესებული ინვესტორები შეიძლება იყვნენ როგორც თავად კომერციული ბანკები, ასევე, საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, რომლებიც პორტფელის დივერსიფიკაციის გამო თუ სხვა მიზეზით გადაწყვეტენ ინვესტიციის განხორციელებას. ასევე, კომერციული ბანკები შეძლებენ, იპოთეკური ობლიგაციები ეროვნულ ბანკთან წარმოებულ მონეტარულ ოპერაციებში გირაოდ გამოიყენონ.
კანონი გამოქვეყნებიდან (16/12/2022) სამი თვის შემდეგ, 2023 წლის მარტში შევა ძალაში. კანონის იმპლემენტაციის მიზნით ეროვნული ბანკი აღნიშნულ პერიოდში შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს გამოსცემს. სამართლებრივი აქტის პროექტები საკონსულტაციოდ და ბაზრის მონაწილეებისგან/დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით წინასწარ გამოქვეყნდება.
წყარო - ეროვნული ბანკი