ცეცხლი და აფეთქებები: თბილისის აეროპორტში მასშტაბური სწავლება ჩატარდა

Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება „თბილისი - 2022“ გაიმართა, რომლის სცენარიც საგანგებო სიტუაციებში მუშაობას ითვალისწინებდა, იუწყება თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia.
კომპანიის ცნობით, სწავლება ორ ეტაპად ჩატარდა. მოდელირებული სცენარის პირველი ეტაპით გათვალისწინებული იყო საჰაერო ხომალდის აფეთქების საფრთხე, კერძოდ, საჰაერო ხომალდზე ფეთქებადი მოწყობილობის გამოყენების მცდელობა ხმელეთზე, ხოლო მეორე ეტაპით — საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაცია — მოულოდნელი საავიაციო შემთხვევა აეროდრომზე.
სრულმასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის წევრები, შსს-ს თანამშრომლები, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი დანაყოფი, განაღმვის სამსახურის სპეციალური დანაყოფი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სამედიცინო ცენტრები და სხვ.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება რეგულარულად ტარდება. სწავლების მიზანია საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ეფექტურობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება.