თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. გაერომ აუცილებლად უნდა შეიმუშავოს მექანიზმი, რომელიც უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობას შეაჩერებს, ვინაიდან მოსკოვი სისტემატურად არღვევს საერთაშორისო სამართალს, განაცხადა ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა ტელეარხ RTVi-სთან ინტერვიუში.
შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარი არ არის უშიშროების საბჭოდან რუსეთის საერთოდ გარიცხვაზე.
„ჩემი აზრით, შემოსაღებია წევრობის შეჩერების მექანიზმი. მე არ ვლაპარაკობ რუსეთის სრულ გარიცხვაზე, საუბარია უშიშროების საბჭოში მისი წევრობის შეჩერებაზე“, — განმარტა ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ.
თუმცა მიშელმა აღიარა, რომ „ამ მომენტისთვის ამის გაკეთება შეუძლებელია, ვინაიდან ეს თავად გაეროს უშიშროების კონცეფციას შეიყვანს ჩიხში“.
ამასთან, როგორც ევროპელ დიპლომატს მიაჩნია, ის ფაქტი, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ხშირად არღვევს საერთაშორისო სამართალს, თავად ამ სამართალში არსებული ხარვეზების თაობაზე მეტყველებს.
„ჩვენ ვხედავდით, რომ გაეროს უშიშროების კონცეფცია ამ ომის დაწყებამდეც უკვე ვეღარ მუშაობდა გამართულად... ამიტომ მე მათ შორის ვარ, ვისაც მიაჩნია, რომ გაეროს ფუნქციონირების რეფორმა, ადრე თუ გვიან, აუცილებელი იქნება“, — დასძინა მიშელმა.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, გაეროს უშიშროების სტრუქტურა ხშირად უძლურია ძირითადი საერთაშორისო პრობლემების გადაჭრაში, კერძოდ, უკრაინის კონფლიქტში. მისი აზრით, ახლა გაერო სრულად არ ითვალისწინებს თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ბალანსს, რაც ორგანიზაციაში აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლობის კრიზისშიც გამოიხატება.
გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას უკრაინის პრეზიდენტი მარტის დასაწყისიდან ითხოვს. გასულ კვირაში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ამერიკის ხელმძღვანელობას სურს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვა, მაგრამ ჯერჯერობით ასეთ შესაძლებლობას ვერ ხედავს.