თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. რუსთავში, სადაც გუშინ სამსართულიანი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლი ავარიული იყო და ბოლო პერიოდში მისი გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობდა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა ერთი ადმიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და იგი ამ დროისათვის უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან.
შენობის პირველი სართულიდან მოსახლეობა უკვე გაყვანილი იყო, ხოლო დაშავებული მოქალაქე კორპუსის მეორე სართულზე ცხოვრობდა.
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის თქმით, მომხდარის დეტალები ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
როგორც ლაცაბიძემ განაცხადა, შენობის გამაგრების სამუშაოები პროექტის შესაბამისად მიმდინარეობდა. ქალაქის მუნიციპალიტეტმა სასტუმროში 9 ოჯახი, სულ 26 ადამიანი გადაიყვანა, დანარჩენები კი ნათესავებთან და მეგობრებთან გადავიდნენ.