კასპში მაზლმა რძალი მოკლა: პოლიციამ 83 წლის მამაკაცი დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, რძალსა და მაზლს ერთმანეთში ქონებრივი დავა ჰქონდათ მიწის ნაკვეთის გამო.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში 73 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 83 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, მამაკაცმა ძმისცოლს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.