თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევა.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურა ჩააგდო. აღნიშნულ პოსტზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ 2022 წლის აგვისტოში წარდგენილი კანდიდატებიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა.
„ეს ნიშნავს, რომ პროცესი თავიდან იწყება. ახლა დადგა მომენტი, როცა ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. როგორც ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე, მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებს, მესამე სექტორს, სპეციალისტებს, სასწრაფოდ დავიწყოთ კონსულტაციები და გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები, რათა პროცესმა რეალური შინაარსი შეიძინოს“, – განაცხადა სიორიძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის ცესკოში ლეგიტიმურობის კრიზისი შეიმჩნევა.
„ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და ორ წევრს უფლებამოსილების ექვსთვიანი ვადა 15 აგვისტოს ამოეწურა არადემოკრატიული კანონმდებლობით, აღნიშნულ პირებს უფლებამოსილების ვადა ახალი კანდიდატების არჩევამდე უხანგრძლივდებათ“, – განაცხადა სიორიძემ.
კანონის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების პოსტებზე კანდიდატებს პრეზიდენტი წარადგენს და ირჩევს პარლამენტი.
საკითხის ჩავარდნის მიზეზი იყო ოპოზიციასთან უთანხმოება, ასევე მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ პრეზიდენტის არჩევანით უკმაყოფილება, რადგან წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ვერ მოხვდა.
ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ძალზე აქტუალურია 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების წინ, რადგან არჩევნები ახალი სისტემითა და ახალ ფორმატში უნდა ჩატარდეს.