ფრანგი მზარეულის შედევრი: ბეფ-სტროგანოვის კლასიკური რეცეპტი

ამბობენ, რომ ეს უგემრიელესი კერძი გრაფ ალექსანდრ სტროგანოვის ფრანგმა მზარეულმა ანდრე დიუპონმა შექმნა, ვინაიდან მოხუც ბატონს მყარი საკვების ღეჭვა უჭირდა.
Sputnik
ერთგულმა მსახურმა გრაფს საქონლის ხორცი ისე მოუმზადა, რომ ის ძალიან რბილი, ფაფუკი და გემრიელი გამოსულიყო. და გამოვიდა კიდეც.
შედეგად – ბატონი კმაყოფილი და გამაძღარი დარჩა, ხოლო ჩვენ არაჩვეულებრივი კერძის რეცეპტი მივიღეთ, რომელმაც დროთა განმავლობაში არაერთი ვარიანტი შეიძინა.

ახლა ბეფ-სტროგანოვს ქათმის ხორცითაც ამზადებენ, ღორისაც და სხვადასხვა სოუსებითაც, ხოლო ტრადიციული კარტოფილის პიურეს ნაცვლად, გარნირად ხან რას იყენებენ და ხან — რას.

და რადგან დიუპონის რეცეპტმა ჩვენამდე უცვლელი სახით ვერ მოაღწია, გთავაზობთ გრაფ სტროგანოვის მზარეულის კლასიკურ რეცეპტთან მეტ-ნაკლებად მიახლოებულ რეცეპტს.

თქვენ დაგჭირდებათ:

ძროხის ხორცის რბილი ნაწილი — 400 გრამი;
ხახვი — 1 მოზრდილი თავი;
ქამა სოკო — 4-6 ცალი;
რძე — 200 გ;
ბულიონი (ან ისევ რძე) — 200 გ;
არაჟანი — 200 გრამი;
ტომატ-პასტა — 1,5 სუფრის კოვზი (ან გახეხილი პომიდორი);
ფქვილი — 1,5 სუფრის კოვზი;
ქონდარი — ორიოდე ღერო;
ფქვილი, კარაქი — რამდენიც დაგჭირდებათ;
მარილი, დაფქული შავი პილპილი — გემოვნებით;
დაფნის ფოთოლი — 2 ცალი.

მომზადების წესი

დაჭერით ძროხის ხორცი თხელ, დაახლოებით 1 სმ სისქის ფირფიტებად და კარგად დაბეგვეთ ორივე მხრიდან.
დაჭერით დაბეგვილი ხორცი წვრილ, დაახლოებით ერთ სანტიმეტრამდე სისქის მოგრძო ზოლებად, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი და ამოავლეთ ფქვილში.
დაალაგეთ კარაქმოსმულ ტაფაზე ხორცის ნაჭრები სათითაოდ და ყველა მხრიდან შეწვით ისე, რომ არ გამოაშროთ. გაითვალისწინეთ, რომ ხორცის შეწვა რამდენიმე ეტაპად მოგიწევთ.
შემწვარი ხორცის ნაჭრები ჩაალაგეთ ცალკე ჭურჭელში.
დაამატეთ იგივე ტაფას კარაქი და დაყარეთ ზედ წვრილად დაჭრილი ხახვი. როცა ის გამჭვირვალე გახდება, დაამატეთ თხლად დაჭრილი სოკო და შუშეთ მანამ, სანამ სოკოდან გამოყოფილი წვენი მთლიანად არ აორთქლდება. ამასთან, ურიეთ ხშირ-ხშირად.
გადაიღეთ ხახვში მოშუშული სოკო ხორციან ჭურჭელში.
აიღეთ პატარა სქელძირიანი ან თუჯის ქვაბი, დადგით საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ მასში ერთი სუფრის კოვზი კარაქი. შემდეგ დაამატეთ გამდნარ კარაქს 1 სუფრის კოვზი ფქვილი და შუშეთ ის 1 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ჩაასხით ქვაბში ბულიონი ან რძე და ინტენსიურად ურიეთ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, ჩააგდეთ რძეში დაფნის ფოთლები და ქონდრის ღერები და ასე დაბალ ცეცხლზე ადუღეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
როდესაც რძე ფქვილის სუნს დაკარგავს, ჩაამატეთ მასში არაჟანი და გახეხილი პომიდორი (ან ტომატი. რაოდენობა თავად არეგულირეთ იმის მიხედვით, თუ რა ფერი გსურთ იყოს თქვენი კერძი) და გააცხელეთ ადუღებამდე. ანუ, არ წამოადუღოთ, რათა არაჟანი არ აიჭრას.
გაატარეთ მომზადებული სოუსი საწურში, რათა კორკოშელები არ შეიყოლოს და დაასხით ხორცსა და სოკოს. დადგით დაბალ ცეცხლზე და კიდევ ერთხელ მიიყვანეთ ადუღებამდე.
მორჩა, თქვენი ბეფ-სტროგანოვი მზადაა. სუფრაზე ის შეგიძლიათ მიიტანოთ კარტოფილის პიურესთან ან შემწვარ კარტოფილთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!