მოსაზრება: „საშობაო საჩუქარი“ - ზელენსკი მეტროპოლიას ანგარიშით ესტუმრა

Sputnik
ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში პრაქტიკულად წირავს უკრაინას საბრძოლო მოქმედებების ხანგრძლივი პერიოდისთვის და უზარმაზარი მსხვერპლისთვის – აშშ-ის ეკონომიკური ინტერესებისა და პოლიტიკური ჰეგემონობის დასაცავად.
21 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლა ვაშინგტონში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შესახვედრად უჩვეულოდ გამოიყურება. ამერიკული გამოცემა The Hill მას „ისტორიულს“ და „უპრეცედენტოს“ უწოდებს. Politico აღნიშნავს: „ზელენსკის ვიზიტი შოკი აღმოჩნდა მაღალი რანგის ამერიკელი ჩინოვნიკებისა და კანონმდებლებისთვის“.
ეს 24 თებერვლის შემდეგ ზელენსკის პირველი უცხოური ვოიაჟია. მთავარი მიზეზი თითქოს ნათელია: სასწორზეა 2023 წელს კიევისთვის ამერიკული სამხედრო დახმარება 45 მლრდ დოლარის ოდენობით. და უკრაინის ლიდერს თითქოსდა შეუძლია პირდაპირ ჩაერიოს რესპუბლიკური პარტიის ბრძოლაში 1,7 ტრილიონი დოლარის კომპლექსური პაკეტისთვის.
ვაშინგტონში რთული ვითარებაა. წარმომადგენელთა პალატის „წარმავალმა“ სპიკერმა ნენსი პელოსიმ გუშინ ზელენსკის „აბსოლუტური გმირი“ უწოდა, რომლის სიტყვით გამოსვლა „აშშ-ის კონგრესისთვის დიდი პატივია“. თუმცა არაერთი კონგრესმენი იზიარებს კოლეგის მარჯორი ტეილორ გრინის შეშფოთებას: „რატომ უნდა გადაიხადონ ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა მილიარდები 51-ე შტატის – უკრაინის სარჩენად?“. და, მაინც, აშშ-ის კონგრესმა ცოტა ხნით ადრე მოიწონა ანალოგიური 65 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარება კიევისთვის. რასაკვირველია, არსებობს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისა და კონგრესის ორი პალატის ერთობლივ სხდომაზე გამოსვლის მიზნით ზელენსკის მეტროპოლიაში მიწვევის ფარული ზამბარები.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არასახარბიელო ვითარება უკრაინის ბრძოლის ველზე, პენტაგონისა და ნატოს დაცარიელებული არსენალები, ევროკავშირში ეკონომიკური ტურბულენტობა – ეს ყველაფერი იძლევა ფართო სივრცეს ზელენსკის ვიზიტის ვერსიებისთვის, პროგნოზებისა და შეფასებისთვის.

მენიუში მხოლოდ Patriot არ არის

წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ კონგრესი მოიწონებს კიევისთვის 45 მილიარდიანი დახმარების გამოყოფას, ბაიდენი და ზელენსკი განიხილავენ უკრაინის ბრძოლის ველზე „ფსონების გაზრდის“ პერსპექტივებს.
გუშინ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში ბილ ტეილორმა განაცხადა, რომ ზელენსკის სჭირდება „შორი მანძილის იარაღი, რათა შეძლოს რუსეთის მოსალოდნელი დარტყმის მოგერიება“. საუბარია არა იმდენად Patriot-ის ბატარეაზე, რამდენადაც HIMARS-ის ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებზე (მანძილი 300 კმ), უპილოტო აპარატებზე Grey Eagle და Reaper. ამერიკული სამხედრო დახმარების პაკეტში შეიძლება აღმოჩნდეს ნატოს თვითმფრინავებიც (F-15 ან F-16).
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ამას წინათ განაცხადა, რომ ადმინისტრაცია აპირებს რუსეთის ნებისმიერი მცდელობის ჩაკვლას, მოიპოვოს უპირატესობა საბრძოლო მოქმედებებში. პოზიცია სრულიად უგუნური და პრაქტიკულად თვითმკვლელობის ტოლფასია.
თეთრი სახლი გეგმავს 21 დეკემბერს უკრაინისთვის 2 მილიარდი დოლარის ოდენობის მორიგი სამხედრო დახმარების გამოყოფას „აშშ-ის არსებული მარაგებიდან“. ახალი სამხედრო რესურსები და იარაღის უზომო რაოდენობის მიწოდების პერსპექტივა კიევს რუსეთის უშიშროებისთვის უფრო დიდ საფრთხედ აქცევს. ამერიკული დახმარება წირავს უკრაინის ჯარს და ნატოს მოხალისეებს მრავალწლიანი „დემილიტარიზაციისთვის“. რუსეთს სხვა გზა არა აქვს.
The Hill-ის ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესი აპირებს რუსეთი გამოაცხადოს არა „ტერორიზმის სპონსორად“, არამედ „აგრესორ სახელმწიფოდ“. აშშ-ის კანონმდებლობაში ასეთი სტატუსი არ არსებობს. შესაბამის კანონპროექტს ამზადებს კონგრესის ხელმძღვანელობა თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან ერთად.
ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს გამოიყენოს ზელენსკის ვიზიტი, რათა ხაზი გაუსვას დასავლეთის მხარდაჭერას „ომის ყველაზე რთულ დღეებში“ და სტუმრობას მიიჩნევს სიგნალად ალიანსის ევროპელი მოკავშირეებისთვის. ხმები იმის შესახებ, რომ ზელენსკიმ შეასრულა თავისი როლი და აშშ-სთვის აღარ არის ხელსაყრელი, ძლიერ გაზვიადებულია.
ვაშინგტონის მიერ ხელოვნურად შექმნილი უკრაინული კონფლიქტი ამრავლებს რისკებს მთელი პლანეტისთვის. აშშ იმეორებს ვიეტნამსა და ავღანეთში დაშვებულ შეცდომებს. თუმცა ევროპასა და სხვა კონტინენტებზე მყარი მშვიდობა ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მოგებას არ მოუტანს, ომი კი – პირიქით.
აღსანიშნავია, რომ აშშ გეგმავს კიევისთვის 126 მლნ დოლარის გამოყოფას კონკრეტულად რადიოაქტიური დაბინძურების შედეგების ლიკვიდაციისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე