რუსთავში სახლის ჩამონგრევა: მოსახლეობა ევაკუირებულია, მაშველები მუშაობას აგრძელებენ

იმის შესახებ, რომ ნანგრევებში ადამიანებია მოყოლილი, ინფორმაცია არ არის, მაგრამ მაშველები მუშაობას აგრძელებენ
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ქალაქ რუსთავში ჩამონგრეული სამსართულიანი სახლის მობინადრეების ევაკუაცია განხორციელდა, მაშველები მუშაობას აგრძელებენ, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, ჩამოინგრა სახლის კუთხე და ნანგრევებიდან 40 წლის ადამიანი ამოიყვანეს.
სახლის ჩამონგრევა რუსთავში
მღებრიშვილის თქმით, დაშავებული პირი კონტაქტური იყო და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„ამ დროის ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილი არავინ არ უნდა იყოს. კინოლოგიური სამსახური ადგილზეა, ასევე მეხანძრე-მაშველები და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი," - განაცხადა მღებრიშვილმა.
სახლის ჩამონგრევა რუსთავში
მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია 60 მეხანძრე-მაშველი, კორპუსი მთლიანად დაცლილია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, რომელმაც თქვა, რომ მუნიციპალიტეტი ოჯახების სასტუმროში გადაყვანას უზრუნველყოფს.
„მიმდინარეობდა კორპუსის რეაბილიტაცია-გამაგრება, რა დროსაც მოხდა ეს ფაქტი. ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, მსხვერპლი არ არის. ის ადგილი, რომელიც ჩამოინგრა, იყო ყველაზე მეტად დაზიანებული. ამ ადგილიდან გაყვანილი იყო ოჯახი მუნიციპალიტეტის მხრიდან ქირით. სრულად დაცლილია კორპუსი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მათ სასტუმროში გადაყვანას“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.