ვერ შეთანხმდნენ - ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ომბუდსმენობის ყველა კანდიდატი ჩავარდება

სახალხო დამცველის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის ხმა არის საჭირო.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის სახალხო დამცველის ერთიან კანდიდატზე ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ შეძლო, ამიტომ ხელისუფლება კენჭისყრის ჩავარდნას პროგნოზირებს, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
სახალხო დამცველის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამდენი რაოდენობა პარლამენტში წარმოდგენილ არცერთ პარტიას არა აქვს.

„ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ ხუთი კანდიდატიდან, რომელთაგანაც შევთავაზეთ, რომ აერჩიათ ერთი და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იქნებოდა შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ და საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ასეთივე ვითარებაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე კანდიდატებთან დაკავშირებით.
„წარმოდგენილია 32 კანდიდატი. უმრავლესობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას... რომ ამ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ნახევარს მაინც მხარი დავუჭიროთ. 16-მდე კანდიდატს შეგვიძლია დავუჭიროთ მხარი, თუმცა არცერთ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომლის მხარდაჭერის მზადყოფნაა ჩვენი მხრიდან, კონსენსუსი არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ორივე საკითხი – სახალხო დამცველის კანდიდატების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების შესახებ კენჭისყრაზე ხუთშაბათს გავა.
მოლაპარაკება ჩიხშია - რატომ ვერ ირჩევენ საქართველოში ომბუდსმენს?>>
„ოპოზიციის მიზანია რეკომენდაცია ჩავარდეს და დაბრალდეს ხელისუფლებას... იკვეთება, რომ არცერთი კანდიდატის მხარდაჭერას არანაირი პრაქტიკული აზრი არ აქვს, არც თეორიული, მათ შორის, რადგან ჩვენ არ გვაქვს 90 ხმა, ხოლო ოპოზიციას – მზადყოფნა“, – განაცხადა მდინარაძემ.
სახალხო დამცველის არჩევა ოპოზიციისა და ხელისუფლების თანხმობით 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს