საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობას აფრთხილებს

უცნობი პირები მოქალაქეებს ურეკავენ და ეკლესიის სახელით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისათვის თანხას სთხოვენ
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ეკლესიის სახელის გამოყენებით გარკვეული პირები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც უცნობი პირები მობილური ტელეფონით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისათვის.
„მსგავსი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ეკლესიის სახელის გამოყენებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქო სთხოვს მოქალაქეებს, ასეთი ფაქტების დაფიქსირებისა და შეტყობინების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება და მსგავსი გაურკვევლობის აღმოფხვრა.