თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. საპარლამენტო ფრაქციებსა და ჯგუფებს ვადა 5 იანვრამდე ექნებათ, რათა კიდევ ერთხელ მოუსმინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკურმა ჯგუფებმა „ლელომ“ და „რეფორმების საბჭომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების დამატებითი გამოკითხვის მიზნით პარლამენტს კანდიდატებზე კენჭისყრის გადადების თხოვნით მიმართეს.
„5 იანვარი არის ბოლო ვადა. ფრაქციებს 5 იანვრის ჩათვლით აქვთ შესაძლებლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს გაესაუბრონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი ადგილისთვის სულ 32 კანდიდატი იბრძვის.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც ყველაზე მეტი მანდატი აქვს საქართველოს პარლამენტში, მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს მათ ნახევარს და ოპოზიციასთან ამ საკითხზე მოლაპარაკება დაიწყოს.
ოპოზიცია 11 კანდიდატზე საუბრობს.
იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო და არც „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას ხმების ასეთი რაოდენობა არ აქვს.