თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. წინასაახალწლოდ საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამკაცრებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ზედამხედველობას 24-საათიან რეჟიმში განახორციელებენ.
კანონდამრღვევებისთვის გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რაც მერყეობს 200 ლარიდან 2 ათას ლარამდე. ამ თანხას ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში ან საკარმიდამო ნაკვეთებში. ამასთან, დასაშვებია იმპორტირებული წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციაც. ასეთ შემთხვევაში რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.
თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სმ-ს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ეროვნული სატყეო სააგენტო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153. ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია.