თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ახალი პროექტი სახელწოდებით „გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები“, რომლის ფარგლებშიც საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე ახალი ნარგავები – 200-მდე სხვადასხვა სახეობის ხე გაჩნდება, დედაქალაქში დეკემბრის ბოლოს დაიწყება, განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.
აღნიშნული პროექტის ინიციატორია თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე. პირველი დაწესებულება, საიდანაც პროექტის განხორციელება დაიწყება, N169 ბაგა-ბაღია.
„ამ პროექტის წყალობით თბილისის ბაგა-ბაღები უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მოწესრიგებული და გამწვანებული, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, პატარებს გამწვანების სიყვარული თავიდანვე ჩავუნერგოთ“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ბევრი მშობელი დაინტერესებულია საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითა და გამწვანებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული პროექტი.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და თბილისში არსებულ ყველა საბავშვო ბაღს მოიცავს.