საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა 2024 წლამდე იქნება შესაძლებელი

2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღსადგენად შესაბამის სამსახურებს 1.935-მა ადამიანმა მიმართა, 2019 წელს – 2.044-მა, 2020 წელს – 1.217-მა.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიზეზით დაკარგული საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა 2024 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი პარლამენტის მიერ „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებს და ეს ცვლილებები ძალაში შევიდა.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეუძლიათ მიმართონ.
თანხმობის შემთხვევაში მოქალაქეობას მიიღებენ მაძიებლების 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შვილებიც. თუ ბავშვები 14 წლისა და უფროსი ასაკის არიან, მაშინ საჭიროა მათი თანხმობა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე.
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მოსაპოვებლად მაძიებელმა უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა.
მაძიებელს უარს ეტყვიან მოქალაქეობის მინიჭებაზე, თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ან მონაწილეობა აქვს მიღებული ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის წინააღმდეგ დანაშაულებში, ან იყო საერთაშორისო ძებნილი, ან მისი ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს ან სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას, ან არსებობს ინფორმაცია მაძიებლის სხვა ქვეყნის დაზვერვასთან, შეიარაღებულ ძალასთან ან ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მტრულადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, ტერორისტულ ორგანიზაციებთან და დანაშაულებრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ისინი, ვისაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ დაუკარგავს საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიზეზით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეძლებენ მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით.
საქართველოს პარლამენტის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მიღების თხოვნით სააგენტოს მიმართა 1.935-მა, 2019 წელს – 2.044-მა, 2020 წელს – 1.217-მა ადამიანმა. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით 2018 წელს ისარგებლა 3.120-მა ადამიანმა, 2019 წელს – 7.234-მა, 2020 წელს – 3.186-მა ადამიანმა.