თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მაღალმთიანი დაბა მესტია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტ Best Tourism Villages by UNWTO-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
მესტია შერჩეულ იქნა მსოფლიოს 57 ქვეყნის 130-ზე მეტ მიმართულებას შორის, რაც უდიდეს მიღწევას წარმოადგენს, აღნიშნავენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.
Best Tourism Villages by UNWTO-ის პროექტი წარმოადგენს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულის სტატუსი ენიჭება გამორჩეული დანიშნულების ადგილების მქონე ლოკაციებს. მიმართულებას, სადაც სანიმუშოდ ვითარდება სოფლის ტურიზმი, გააჩნია აღიარებული კულტურული და ბუნებრივი რესურსები.
Best Tourism Villages by UNWTO-ის ნომინაციაში გამარჯვებულ სოფლებს გააჩნიათ ტურიზმის სტაბილური განვითარების ნათელი ხედვა, რაც მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისკენ.
პროექტის ფარგლებში Best Tourism Villages by UNWTO-ის გამარჯვებულ ადგილებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით წამყვანი დანიშნულების ადგილების გლობალური ქსელის ნაწილი. ეს გლობალური ქსელის წევრებს აძლევს საშუალებას ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.