მსოფლიო დღეს

ვაშინგტონმა ანტონიუ გუტერეში რუსეთის მუქარებისთვის დათმობაში დაადანაშაულა

Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დაადანაშაულა, რომ მან „რუსეთის მუქარებს დაუთმო“ და არ გაგზავნა ოფიციალური პირები უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყენებული დრონების შესამოწმებლად, რომლებიც, ვაშინგტონის განცხადებით, რუსეთს ირანმა მიაწოდა.
ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილის რობერტ ვუდის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ვწუხვართ, რომ გაერომ არ ჩაატარა ამ დარღვევის ნორმალური გამოძიება. იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ სამდივნომ, აშკარად რუსეთის მუქარების გავლენით, არ შეასრულა გამოძიებაზე მანდატი, რომელიც მას [გაეროს უშიშროების] საბჭომ მისცა“, — აღნიშნა დიპლომატმა.

მანამდე, მიმდინარე წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანისგან კამიკაძე-დრონები — Shahed-136 და Mohajer-6 შეიძინა უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. ირანის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა ამ ფაქტს და უკრაინას ერთობლივი გამოძიების ჩატარებაც კი შესთავაზა. თუმცა ნოემბერში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა აღიარა, რომ თეირანმა მოსკოვს ნამდვილად მიაწოდა მცირე რაოდენობით დრონები, თუმცა ეს უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ მოუწოდა ორგანიზაციის სამდივნოს, არ დამორჩილებოდა დასავლეთის ქვეყნების ზეწოლას და არ მიეღო მონაწილეობა გამოძიებაში 2231-ე რეზოლუციის ფარგლებში. მისი აზრით, ორგანიზაციის სამდივნო არ უნდა არღვევდეს წესდებას. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა „ფსევდოგამოძიების“ ნებისმიერ შედეგს იურიდიული თვალსაზრისით ბათილი უწოდა.
წყარო: Reuters