პომიდვრის სუპი წონაში სწრაფად დასაკლებად: გემრიელი და იოლი რეცეპტი

Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რაღა თქმა უნდა, ყველამ იცით, რომ პომიდორი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ის თუ გსმენიათ, რომ არსებობს პომიდვრის წვნიანი, რომელიც ერთ კვირაში 2-5 კილოგრამით გაგახდუნებთ?
ოღონდ იმ პირობით, რომ მთელი დღეების განმავლობაში მხოლოდ ეს ძალიან გემრიელი და ყუათიანი კერძი უნდა მიირთვათ.
სანამ რეცეპტს შემოგთავაზებთ, გეტყვით, რომ:
ერთ საშუალო ზომის პომიდორში C-ვიტამინის სადღეღამისო ნორმის მესამედი შედის;
პომიდორში შემავალი B-ვიტამინი ხელს უწყობს ქსოვილის ნორმალურ ზრდას;
პომიდვრის კანი შეიცავს ფლავონოიდ ნარინგენინს, რომელიც ანთებებს ამცირებს;
მთავარი ნივთიერება პომიდორში — ეს ლიკოპინია, მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელიც ონკოლოგიურ და გულის დაავადებების რისკს ამცირებს. ყველაზე მეტი რაოდენობით შედის პომიდვრის კანში. ასე რომ, რაც უფრო წითელია პომიდორი, მით მეტი ლიკოპინია მასში;
პომიდორი ამცირებს ცუდი ქოლესტერინის რაოდენობას, ზრდის არტერიების კედლების ელასტიკურობას და ეფექტურია კიბოს პროფილაქტიკისთვის;
პომიდორი მდიდარია კალიუმით, ბეტა-კაროტინითა და ქლოროგენური მჟავით. ეს უკანასკნელი ამცირებს სისხლის წნევას...
ახლა, რაც შეეხება პომიდვრის სუპის დიეტას: ეს დიეტა შეგიძლიათ ორი კვირაც კი განაგრძოთ. მერე ერთი კვირა შეისვენოთ და კურსი ისევ გაიმეოროთ.
პომიდვრის წვნიანი ძალიან მარტივად მზადდება. ქვემოთ ჩვენ ინდურ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

პომიდვრის წვნიანისთვის დაგჭირდებათ:

პომიდორი - 3 ან 4 დიდი ზომის;
ტომატის პასტა - 1 სუფრის კოვზი;
ხახვი - ერთი დიდი თავი;
სუნელი კარი - 0,5 ჩაის კოვზი;
ზეითუნის ზეთი - 1 სუფრის კოვზი;
ცხარე წიწაკა - ერთი ცალი;
ქინძი - გემოვნებით;
მარილი - გემოვნებით;
ნიორი - 3 კბილი;
მდუღარე წყალი - 1 ლ.

მომზადების წესი

გაფცქვენით ხახვი და დაჭერით წვრილად;
გააცხელეთ ტაფაზე ზეთი და დააყარეთ ხახვი. შუშეთ მანამ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს;
გარეცხილ პომიდორს გადაავლეთ მდუღარე და მოაცილეთ კანი. დაჭერით მომცრო კუბებად და ჩაამატეთ მოშუშულ ხახვს;
დანაყეთ ნიორი და ისიც ტაფაში ჩაუშვით;
დაჭერით წვრილად წიწაკა და ქინძი და კარისთან ერთად დაამატეთ პომიდორს. განაგრძეთ შუშვა;
ამის შემდეგ ჩაამატეთ ტაფაში ტომატის პასტა და დაამატეთ 1 ლ მდუღარე წყალი. იხარშოს 7-8 წუთის განმავლობაში;
გადმოდგით ცეცხლიდან, სურვილის მიხედვით დაამატეთ მარილი და დადგით 40 წუთის განმავლობაში.

გახსოვდეთ:

1.
პომიდვრის სუპის დიეტისას აუცილებლად უნდა სვათ წყალი.
2.
პომიდვრის წვნიანის ერთი პორცია მხოლოს 100 კილოკალორიას შეიცავს, სწორედ ამიტომაცაა რეალური სწრაფი და ეფექტური დაკლება წონაში.

გაითვალისწინეთ:

თუ დღეში 20 წუთს მაინც ივარჯიშებთ ფიზიკურად, ეფექტი კიდევ მეტად გაძლიერდება. თანაც არა მხოლოდ გახდებით, არამედ კუნთებსაც დაიჭიმავთ.