თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მდებარე სკვერს და ქუჩას მომღერლის, ფოლკლორისტის და მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელი მიენიჭა.
გახსნის ცერემონია კვირას გაიმართა.
ქართველი ლოტბარი, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ჯემალ ჭკუასელი 2021 წლის 17 დეკემბერს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ცოტა ხნის წინ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის საკრებულომ ჯემალ ჭკუასელის სახელი დიდუბის რაიონში მდებარე სკვერსა და ქუჩას მიანიჭა, რომელიც დღეს გავხსენით. ეს მხოლოდ მცირედი გამოხატულებაა იმ მადლიერების, რასაც ბატონი ჯემალი ყველა იმ ქართველისგან იმსახურებს, რომლისთვისაც ქართული ხელოვნებაა ძვირფასი“, -განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ.
ჯემალ ჭკუასელი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. 1986-2015 წლებში იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. ამჟამად ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მისი შვილი შერმადინ ჭკუასელია.
ანსამბლი „ერისიონი“
© courtey of Erisioni
1997 წლიდან ჯემალ ჭკუასელი იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.
2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
2015 წლის 17 მაისს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.