თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებულმა, რაგბის პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ „ავჭალის“ სტადიონზე „თელ-ავივ ჰიტს“ ანგარიშით 29:17 გაანადგურა და ზედიზედ მეორედ ტურნირის თასის მფლობელი გახდა.
სუპერთასის ამჟამინდელ გათამაშებაში „შავი ლომი“ ორჯერ შეხვდა თელ-ავივის გუნდს და ერთ შეხვედრაში დამარცხდა, მეორე კი ფრედ დაასრულა. მაგრამ ამჯერად ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვეს.
ლევან მაისაშვილის გუნდმა თამაში აქტიურად დაუწყო და მალე მიაღია სოლიდურ უპირატესობას - ლუკა მატკავამ საჯარიმოდან ანგარიში გახსნა.
„შავმა ლომმა“ პირველი ტაიმი ანგარიშით 22:3 მოიგო. „ჰიტსმა“ შესვენების შემდეგ თამაშის გადარჩენა სცადა და მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდა. 55-ე წუთზე ლელოს გატანაც მოახერხა, რომელიც შედეგიანად გარდასახეს – ანგარიში გახდა 29:10.
ამის შემდეგ მათ რამდენიმე შედეგიანი შეტევა განახორციელეს, მაგრამ ქართველების უპირატესობა ძალიან დიდი იყო.
ევროპის სუპერთასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი ოქტომბერში დასრულდა. „შავი ლომი“ 23 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გახდა და ამით ნახევარფინალის შინ ჩატარების უფლება მოიპოვა. ნახევარფინალში ქართულმა ფრენჩაიზმა ესპანეთის „იბერიანსი“ ანგარიშით 41:9 გაანადგურა.