თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯარიდან გადავადების ახალ წესებს ამზადებს, რომელთა მიხედვითაც გადავადების ღირებულება ხუთჯერ გაიზრდება, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
დღეისათვის ჯარში მსახურების გადავადების მიღება შესაძლებელია ორჯერ, თუ პირი 18-თვიანი გადავადებისთვის 2 ათას ლარს გადაიხდის.
„გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა. გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მინისტრმა განმარტა, რომ საუბარია იმ წვევამდელებზე, რომლებსაც გადავადებისთვის რაიმე ოფიციალური მიზეზი არ გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, გადავადების საფასურის გადახდიდან ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურის გავლა მაინც მოუწევთ.
ამასთან, ძალაში რჩება ყველა ის შეღავათი, რომელიც ითვალისწინებს გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის, სწავლის, ოჯახური მდგომარეობის გამო და ა.შ.
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა – სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო. საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს იწვევენ. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვეა.
მიუხედავად სამხედრო სამსახურის მოკლე ვადისა და შეღავათიანი პირობებისა, როდესაც მოსამსახურეებს შეუძლიათ ღამით სახლში ყოფნა, ახალგაზრდები ხშირად პოულობენ რამე ხერხს, რომ თავი აარიდონ სამხედრო სამსახურს.
უარის მთავარ მიზეზად სახელდება ის, რომ ახალწვეულები ყველაზე ხშირად ხვდებიან არა შეიარაღებულ ძალებში ან შსს–ს სპეცრეაგირების ძალების რაზმში, არამედ ციხეების ყარაულში ან სახელმწიფო დაცვის სამსახურში.