Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წინასწარმეტყველი სოფონია
წინასწარმეტყველი სოფონია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, წინასწარმეტყველ იერემიას და წინასწარმეტყველი ქალის, ოლდამას თანამედროვე იყო. იგი დიდგვაროვანთა ჩამომავალი იყო და სამეფო სასახლეში ცხოვრობდა.
წმიდა სოფონიამ წინასწარ განჭვრიტა ის უბედურება, რომელიც იუდეისა და მის მოსაზღვრე სამეფოთა მკვიდრთ დაატყდათ თავს.
ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლელი
ღირსი თეოდულე კონსტანტინოპოლის ეპარქი იყო თეოდოსი დიდის ზეობისას. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან ქალაქ ედესას მიაშურა და ოცდათვრამეტი წელი მოღვაწეობდა სვეტზე. უფლის რჩეული დაახლოებით 440 წელს მიიცვალა.
ღირსი იოანე მდუმარე - ყოფილი კოლონიელი ეპისკოპოსი
ღირსი იოანე მდუმარე დაახლოებით 454 წელს დაიბადა სომხეთის ნიკოპოლში, მხედართმთავარ ენკრატიუსისა და მისი მეუღლის, ეფემიას ოჯახში. ყმაწვილმა ადრევე დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა და მთელი გულით შეიყვარა განმარტოება და ლოცვა.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებული ქონებით იოანემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააგო. თვრამეტი წლის ასაკიდან ნეტარი სხვა ათ ბერთან ერთად ამ ტაძართან ცხოვრობდა. ქალაქ კოლონის მკვიდრთა თხოვნით სებასტიელმა მიტროპოლიტმა ოცდარვა წლის იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი. წმიდანი მწყემსმთავრად დადგინების შემდეგაც უწინდებურად ასკეტურად ცხოვრობდა.
იოანეს ეპისკოპოსობის მეათე წელს სომხეთის მმართველად დაადგინეს ბაზინიკი - მწყემსმთავრის დის, მარიამის მეუღლე. ახალი ხელისუფალი მბრძანებლურად ერეოდა სასულიერო და საეკლესიო საქმეებში, რამაც ეკლესიურ ცხოვრებაში არეულობა გამოიწვია. მაშინ წმიდა იოანე კონსტანტინოპოლში ჩავიდა და მთავარეპისკოპოს ექვთიმეს შუამდგომლობით იმპერატორ ზენონს სთხოვა, სომხეთის ეკლესია დაეცვა უხეში ხელყოფისაგან.
საერთო შფოთითა და ბრძოლებით დამწუხრებულმა ნეტარმა მწყემსმთავარმა ფარულად დატოვა ეპარქია და იერუსალიმში მიმავალ ხომალდზე ავიდა. მან ცრემლებით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა, სად უნდა განეგრძო მოღვაწეობა. ღმერთმა შეისმინა წმიდანის ვედრება: მას გამოუჩნდა ვარსკვლავი, რომელიც საბა განწმენდილის ლავრამდე მიუძღვა. იოანე, რომელმაც დამალა თავისი ხარისხი, სავანეში უბრალო მორჩილად მიიღეს. წმიდა იღუმენის, საბას კურთხევით ღირსი იოანე ოთხ წელიწადზე მეტ ხანს ყველაზე მძიმე სამუშაოებს ასრულებდა. უფლის რჩეულის სიმდაბლე და შრომისმოყვარეობა რომ იხილა, წინამძღვარმა, იგი ხუცესად ხელდასხმის ღირსად ჩათვალა. მაშინ იოანე იძულებული გახდა, რომ იერუსალიმის პატრიარქის, ილიასთვის (494-517) გაემხილა თავისი საიდუმლო. პატრიარქის კურთხევით წმიდანმა მდუმარების ღვაწლი იტვირთა.
ღირსმა იოანე მდუმარემ ასოთხი წლის ასაკში მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
მღვდელმოწამე თეოდორე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი
მღვდელმოწამე თეოდორე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიელ პატრიარქთა ნუსხაში არ ჩანს. ვარაუდობენ, რომ თეოდორე იმიტომ იწოდება მთავარეპისკოპოსად, რომ ის ქრისტიანობას დაუცხრომლად ქადაგებდა და მთელ ალექსანდრიას განამტკიცებდა სარწმუნოებაში.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით