თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე გაიმართოს, განაცხადა ხუთშაბათს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
„არაა გამორიცხული შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან 2022 წლის დეკემბრის ბოლოს. შეთანხმება ამის თაობაზე მიღწეულია“, – განაცხადა ბაირამოვმა აზერბაიჯანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
მინისტრის თქმით, აზერბაიჯანული მხარე ყოველთვის მხარს უჭერს შეხვედრების ჩატარებას ნებისმიერ ფორმატში, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
„მიუხედავად დადებითი შედეგების არარსებობისა, საკითხების ღიად განხილვა – ეს პოზიტიური მოვლენაა“, – განაცხადა მან.
ბოლოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შუამდგომლობით ვაშინგტონში ნოემბრის დასაწყისში გაიმართა.