თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რომელიც 18 დეკემბერს კატარში უნდა გაიმართოს, საქართველოში შეკერილი სპორტული ფორმით ითამაშებს, დაწერა სოციალურ ქსელში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.
„კიდევ ერთი მაგარი ამბავი! მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები დოჰაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი „აჭარა ტექსტილის“ მიერ შეკერილი სამოსით თამაშობს. წარმატებები საფრანგეთს ფინალში, ჩვენი მაისურებით“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
„აჭარა ტექსტილი“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. კომპანია 2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს და წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და ა.შ.
ფეხბურთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 8 მონაწილე გუნდი საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობდა. ქართულმა კომპანიამ შეკერა ფორმები ხორვატიის ნაკრებისთვისაც ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისთვის.