ADB: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო პუნქტი ხელს შეუწყობს ვაჭრობას

აზიის განვითარების ბანკის მისია ერთობლივი გამშვები პუნქტის მშენებლობის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებს აფასებს.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი გამტარი პუნქტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის რეალიზაციაში და სატრანზიტო ჰაბად საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში, განაცხადა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე.
მხარეებმა განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ" შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი სასაზღვრო-გამტარი პუნქტის მშენებლობას, რასაც მნიშვნელოვანი როლი ექნება რეგიონული ვაჭრობისა და ტრანზიტის განვითარების კუთხით.
როგორც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორმა აღნიშნა, სასაზღვრო-გამტარი პუნქტების ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება აზიის განვითარების ბანკის მიერ უკვე მხარდაჭერილი მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ლოგიკური გაგრძელებაა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის მისია ერთობლივი გამშვები პუნქტის მშენებლობის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებს აფასებს.
თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას როგორც ქვეყნის, ისე რეგიონული განვითარების მიმართულებით.
დღეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ექვსი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს, მათგან ერთი სარკინიგზო პუნქტია.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარია.
ბანკის პრიორიტეტებია საქართველოში ინკლუზიური და სტაბილური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირების გაფართოება და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.