მინისტრი: პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის მარტივი არ არის

დავითაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ტექნიკური პრობლემა, სირთულე და გამოწვევაა.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის არ გადაწყდება ცალმხრივად იმ შეზღუდვების გამო, რომლებიც ზოგიერთმა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციამ დააწესა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
გასულ კვირაში რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის პერსპექტივა გაჩნდა. ამ საკითხების გადაწყვეტა მომწიფდა, მიიჩნევს კალაშნიკოვი, რადგანაც ადამიანებს სჭირდებათ პირდაპირი ავიარეისები მოსკოვსა და თბილისს შორის.

„ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ბევრი ტექნიკური პრობლემა, ბევრი სირთულე და ბევრი გამოწვევა და ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი საკითხი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის მხრიდან არსებობს გარკვეული შეზღუდვები რუსული ავიაკომპანიების მიმართ, „ამიტომ ეს საკითხი ასე მარტივად დღეს ვერ გადაწყდება“.
ამასთან, მინისტრმა დასძინა, რომ საქართველოს რუსული მხრიდან არანაირი ოფიციალური მიმართვა არ მიუღია.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები 2019 წლის ზაფხულში შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ანტირუსული აქციების ფონზე მიიღო. თბილისში საპროტესტო აქციები რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების მეშვეობით მიმდინარეობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს