სანდრო ბაზაძემ წლის ბოლო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ფინალში სანდრო სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილადისთან დამარცხდა
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ორლეანის (საფრანგეთი) გრან-პრის (Orleans Sabre Grand Prix 2022) ხმლით მოფარიკავეებს შორის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
სანდრო ბაზაძემ 1/2 ფინალში იტალიელი ლუკა კურატოლი დაამარცხა ანგარიშით 15-6. ამის შემდეგ ფინალში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილადის შეებრძოლა. უნგრელმა სპორტსმენმა ქართველი მოფარიკავე ანგარიშით 15:10 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის 1/16 ფინალში უნგრელი მოფარიკავე დაამარცხა, ხოლო სილადიმ სანდრო ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში დაამარცხა.
ქართველმა მოფარიკავემ კარიერაში პირველად მიიღო მონაწილეობა ორლეანის გრან-პრის ფინალში.