აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასის მშენებლობა: გაიხსნა გზის ახალი მონაკვეთები

მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე.
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-E70-ის) შემადგენელ ორ, ჯამში 15 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე.
სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე აშენდა 10 კმ სიგრძის ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა. გზის ახალი მონაკვეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტზე გაივლის და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას. გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე გაიხსნა 5 კმ სიგრძის ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა.
სამუშაოები ევროპის საინვეტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
ახალი მონაკვეთების გახსნის შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის გადაადგილება, როგორც უსაფრთხოების, ისე დროის შემცირების თვალსაზრისით, აღნიშნეს დეპარტამენტში.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.