შეიძლება თუ არა ბანაობა ინფექციური დაავადებების დროს - მაია ბუწაშვილის რჩევები

არსებობს მოსაზრება, თითქოს ინფექციური დაავადებების დროს დაბანა არ შეიძლება.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. ქართველმა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა უარყო მითი იმის შესახებ, რომ ინფექციური დაავადებების დროს ბანაობა არ შეიძლება.
არსებობს მოსაზრება, თითქოს ინფექციური დაავადებების დროს დაბანა არ შეიძლება. ექიმის თქმით, ეს პირიქით, ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის საშიშიც კი შეიძლება იყოს და სერიოზულ დისკომფორტს უქმნის როგორც თვითონ პაციენტს, ასევე მის გარშემომყოფებს.
„შხაპის მიღება ავადმყოფობის დროს სულაც არ იკრძალება, მათ შორის არც გამონაყარით მიმდინარე დაავადებების დროს. ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ, ჯობია ძალიან ცხელ წყალს მოვერიდოთ, რომ კანის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება ავიცილოთ თავიდან, თუმცა ზომიერად თბილი წყლით შხაპის მიღება და კანის სისუფთავის შენარჩუნება აუცილებელია ინფექციური თუ არაინფექციური გამონაყარის შემთხვევაში“, - თქვა ბუწაშვილმა.
ინფექციონისტის თქმით, სასუნთქი გზების ინფექციის (გრიპი, კოვიდი და სხვ.) და ტემპერატურის მომატების დროს, ადამიანი ზოგჯერ დაბანისგან თავს იკავებს, რომ „კიდევ უფრო მეტად არ გაცივდეს“.
მაგრამ ექიმი ამტკიცებს, რომ „თუ ადამიანს სიცხე აქვს, დაბანით როგორ უნდა გაცივდეს?“. თანაც, ბუწაშვილის თქმით, ხველის დროს ორთქლი ამსუბუქებს შემაწუხებელ სიმპტომებს.