მსოფლიო დღეს

ბრიუსელში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

კორუფციის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირების ჩხრეკის შედეგად ნახევარი მილიონი ნაღდი ფული ამოიღეს
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. ბელგიის პოლიციამ შესაძლო კორუფციის საქმეზე ბერძენი ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი დააკავა, იუწყება ბელგიური გამოცემა Le Soir.
პოლიტიკოსის საცხოვრებელ ადგილზე ჩხრეკა ჩატარდა. ასევე დაკავებულია მისი პარტნიორიც. „ორივეს წინააღმდეგ გამოძიება კორუფციულ საქმეზე მიმდინარეობს“, - იტყობინება გამოცემა.
პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციის საქმის გამოძიების ფარგლებში ბრიუსელში განახორციელა რამდენიმე დაკავება და ჩხრეკა - ბრალდებები კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას უკავშირდება.
კერძოდ, ძალოვანებმა სულ ხუთი პირი დააკავეს და 16 ჩხრეკა ჩაატარეს. მედიის ცნობით, ევროპარლამენტარი და პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ხელმძღვანელი კატარისგან ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილი. აღინიშნა, რომ გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სპარსეთის ყურის ერთ-ერთი სახელმწიფოს მხრიდან ადგილი ჰქონდა „ევროპარლამენტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობებს“.
პროკურატურაში კონკრეტულ სახელმწიფოს არ ასახელებენ, თუმცა წყაროები მიუთითებენ, რომ საუბარია 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კატარზე..
ჩხრეკისას ამოღებულია ნახევარი მილიონი ევრო ნაღდი ფული.
ევროპარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომენტარს არ აკეთებს მიმდინარე სასამართლო პროცესებზე და დასძინა, რომ თანამშრომლობს შესაბამის ეროვნულ ორგანოებთან.
წყარო - Le Soir.