მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა მხოლოდ ღამის საათებში იმოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისი მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეზღუდვა 10 დეკემბრის 24:00-დან 06:00 საათამდე „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლიდან გაგარინის ქ. N29ა-მდე იმოქმედებს.

„მარშალ გელოვანის გამზირიდან და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეუძლიათ ჟვანიას მოედნისკენ და პეკინის გამზირის გავლით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, გმირთა მოედნიდან და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი გადაადგილებას შეძლებს გაგარინის ქუჩის N29ა-მდე (საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისამდე).
გარდა ამისა, 11 დეკემბრის 24:00-დან 06:00 საათამდე ჩაიკეტება „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლიდან ისაკაძის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი. მარშალ გელოვანის გამზირისა და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო გოთუასა და შარტავას ქუჩების გამოყენებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჟვანიას მოედნის მიმართულებით.
აღნიშნული სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება, ტრანსპორტის გადაადგილება დღის განმავლობაში არ შეიზღუდება.