თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირის მიერ დაწესებული ზღვრული ფასები რუსულ ნავთობზე არ ლახავს რუსეთის ინტერესებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
ევროკავშირმა 5 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები შემოიღო. იგი ნავთობის სფეროს შეეხო. ევროკავშირმა შეწყვიტა რუსული ნავთობის მიღება, რომლის გადაზიდვაც ზღვით ხორციელდება, „დიდი შვიდიანის“ ქვეყნებმა, ავსტრალიამ და ევროკავშირმა კი ფასების შეზღუდვა დააწესეს ნავთობის ზღვით გადაზიდვაზე – 60 დოლარი ერთ ბარელზე. ნავთობის უფრო მაღალ ფასად გადაზიდვა და დაზღვევა აკრძალულია.
„შემოთავაზებული ზღვარი შეესაბამება იმ ფასებს, რა ფასადაც დღეს ვყიდით მას. ამ გაგებით ეს გადაწყვეტილება არანაირად არ გვეხება. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა პუტინმა ყირგიზეთში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, რუსეთი არაფერს დაკარგავს ნავთობზე ზღვრული ფასების დაწესებით, მაგრამ არ მიჰყიდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებმაც შეზღუდვა დააწესეს.
„რაც შეეხება ჩვენს რეაქციას, უკვე განვაცხადე, რომ ჩვენ უბრალოდ არ მივყიდით იმ ქვეყნებს, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – აღნიშნა პუტინმა.
გარდა ამისა, რუსეთის ლიდერის თქმით, უახლოეს პერიოდში გამოვა განკარგულება, რომელშიც აისახება კონკრეტული საპასუხო ნაბიჯები. რუსეთი საჭიროების შემთხვევაში იფიქრებს ნავთობის მოპოვების შემცირებაზე, დასძინა პუტინმა.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება OPEC+-თან მოპოვების ცნობილ მოცულობაზე, თუ საჭირო იქნება, რამეს დამატებით მოვიფიქრებთ, ახლა მხედველობაში მყავს რუსეთი“, – დააზუსტა პრეზიდენტმა.
ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომხმარებელს არ შეუძლია ნავთობის ფასის განსაზღვრა, ხოლო თუ ეს პრაქტიკაში დამკვიდრდება, დარგის კოლაფსი გარდაუვალია.